კლასგარეშე

🌙🌚🌙

გაიღვიძა. მერამდენედ, არ ახსოვს ან რა მნიშვნელობა აქვს. თვალი გაახილა თუ არა, ფანჯარაში გაიხედა. უკვე ჩვევად ჰქონდა, ის უნდა დაენახა წამიერად. ასეა, წლების განმავლობაში ყოველ დღე ერთსა და იმავეს რომ აკეთებ, ჩვევაში ისე გადაგდის, ვეღარც ხვდები, რომ უნდა მოიშორო, დაივიწყო და მის გარეშე გააგრძელო ან უკეთესი ჩვევით ჩაანაცვლო.

მანსარდაში ცხოვრობდა. იქ ყოველთვის ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, თავისებურ წესრიგში, რა თქმა უნდა. მთელი დანარჩენი სახლი მტვრით იყო განაცრისფერებული. ეს არც კარგი იყო და არც ცუდი. რატომ უნდა მოუაროს ნივთებს, რომლებსაც არც კი იყენებს?!

ადგა. ფანჯარა ღია იყო როგორც ყოველთვის, მაგრამ თავის ანარეკლს მაინც მოჰკრა თვალი. თმა ისევ გაჩეჩილი ჰქონდა თავისი ფიქრებივით. ხის რაფას იდაყვებით დაეყრდნო და სიგარეტს გაუკიდა. მოწევა როდისღა ექცა ჩვევად? არ ახსოვდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ეგ კი არა, დიდი ხანია საკუთარი ასაკიც დაივიწყა. ცოტა ხნის წინ, მგონი, დაბადების დღე ჰქონდა. ახლაც ხელუხლებლად ეყარა გაუხსნელი მისალოცი წერილები. ერთი-ორი გახსნა მხოლოდ. ზოგი დაგვიანებითაც კი ულოცავდა. ესეც სულერთი იყო. ყავის ჭიქაში ისევ დაინახა თავისი სახე. რანაირად შეიძლება შავ ყავაში მწვანე თვალები გამოჩნდეს? თითქოს ფერთა შეთანხმება არ მოეწონა, ზიზღით აწია ნახევარი ტუჩი და მთელი ყავა ეზოში გადააქცია. რაფაზე გვერდულად ჩამოჯდა და აუჩქარებლად ააყოლა მზერა მთას. მთის ზემოთ აღარ აუხედავს, რადგან იცოდა ის ჯერ კიდევ ჩანდა ცაზე. თანავარსკვლავედი, რომელსაც ყოველ დილას გაღვიძებისთანავე უყურებდა, მანამდე ჩანდა, სანამ მზე კარგად არ ამოვიდოდა. უცნაურია, ერთადერთ ადამიანს, რომელიც მის გონებაში დარჩა, მაინც და მაინც იმ თანავარსკვლავედის სახელი ერქვა, რომელიც მისი ფანჯრიდან დროის იმ მონაკვეთში ჩანდა, როცა იღვიძებდა. აპათეა - იმდენად უცნაური სახელია, მარტო ქალს და ვარსკვლავებს თუ მოუხდება.

მთაზე, რომელსაც ახლა უყურებდა, ბევრჯერ ასულა, მაგრამ მის წარმოდგენაში ის მაინც სულ სხვანაირი იყო, ცოტა უფრო ჯადოსნური, როგორც მთელი დანარჩენი სამყარო. სიგარეტის კვამლი მთას შეაბოლა და წარმოიდგინა, როგორ განაცრისფრდნენ ნაძვები მთაზე. უყვარდა ეს ფერი, ამშვიდებდა.

მთელი დღე ისე გავიდა, ფიქრებიდან არ გამორკვეულა. უცნაურია, მაგრამ შეეძლო ასე მჯდარიყო ფანჯარაზე და ეფიქრა როგორ ცხოვრობდა იმ მთაზე. ალბათ ამიტომ ჰქონდა დაკარგული დროის შეგრძნება, ამიტომ აღარ ახსოვდა რამდენი წლის იყო, ამიტომ ეწეოდა უაზროდ ბევრს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ხომ ფიქრებია. მისი სურვილები და წარმოსახვა ბევრად სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქაოსური რეალობა.

ამასობაში დაღამდა. უკვე თავისუფლად შეეძლო ცისთვის შეეხედა. იცოდა, აპათეა დიდი ხნის გამქრალი იყო, მის ადგილას კი დიდი, ვერცხლისფერი მთვარე დახვდებოდა. იქიდან ყოველ ღამე მის ოთახში კესანე მოდიოდა. უცნაური გოგო იყო, გრძელ ვერცხლისფერ თმაში პატარა იისფერი ყვავილები ეზრდებოდა, თვალები მთვარისფერი ჰქონდა, კანი კი ყოველთვის ცივი. უყვარდა მასთან ყოფნა. კესანეს მისი სითბო მოსწონდა, მას კი გოგოს სიმარტივე. განცდა ჰქონდა, თითქოს მასთან ყოფნისას ამ არეულ სამყაროს სწყდებოდა, გული და გონება ეწმინდებოდა. მის ცივ სხეულს იხუტებდა, დაბნეულ თვალებში უყურებდა და მთელი ღამე ისმენდა მის ისტორიებს. კესანე უყვებოდა რა ხდებოდა ზევით, როგორ ცხოვრობდნენ ვარსკვლავები. მხოლოდ ამ ამბების მოსმენისას შეეძლო დაძინება, თანაც ყოველთვის მშვიდად იძინებდა იმიტომ, რომ იცოდა როგორი ცუდი დღეც არ უნდა ჰქონოდა, ღამით კესანე მაინც მოვიდოდა. ყოველთვის მოდიოდა და ფიქრებით დაღლილ გონებას უმშვიდებდა. ხვალაც მოვიდოდა, აუცილებლად მოვიდოდა, ამიტომ შეეძლო მშვიდად დაეძინა.

ქავერზე გამოყენებული ვიზუალი ეკუთვნის თაკო ბატიაშვილს.